საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალის მნიშვნელობა - საქართველოს ეროვნული არქივი

საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალის მნიშვნელობა

საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალის მნიშვნელობა განუზომელია არამარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის ისტორიის მკვლევართათვის. საისტორიო არქივის მასალიდან მნიშვნელოვანია შემდეგი თემატიკის დოკუმენტები:

1. საქართველოს ისტორიის უძველესი დოკუმენტები - ძველი საბუთები (IX-XIX სს.):

ა) ძველ საბუთთა დედნები, სადაც თავმოყრილია წყალობის, აზატობის (ყმობიდან გათავისუფლება), შეწირულობის, ნასყიდობის, გაყრის, პირობის, ფიცის, განაჩენის, სააღაპე ჩანაწერების (მონასტრის ჩანაწერების წიგნი). ძველ საბუთთა დედნების კოლექციის გარდა, ანალოგიური შინაარსისაა ძველ საბუთთა პირების კოლექცია, თუმცა მათი დედნები ფიზიკურად არ არის შემონახული და ეს საბუთები, ძირითადად, მოგვიანებითაა გადაწერილი. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს ამ პერიოდის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს წერილობით წყაროს წარმოადგენს;ბ) ხელნაწერი წიგნები: IX-XIX საუკუნის საეკლესიო წიგნები, ვახტანგ VI-ის სამართლის კრებულები, ვეფხისტყაოსნის გადაწერილი პირები, სხავდასხვა სასულიერო და საეკლესიო შინაარსის ნაწარმოებები. აღნიშნულ დოკუმენტებს, შინაარსობრივის გარდა, დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. მათი გადაწერის ადგილისა და თარიღის, გადამწერის ვინაობისა და სხვა მინაწერების გაშიფვრა მნიშვნლოვან სამეცნიერო წყაროს წარმოადგენს ეპოქის კვლევისათვის;გ) უცხოენოვანი დოკუმენტები: სპარსული, თურქული, არაბული და ბერძნული დოკუმენტები. ამ დოკუმენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ულამაზესად მოხატული სპარსული დოკუმენტები, ასევე, საინტერესოა თურქული საბუთების კოლექცია, რომელიც სხვადასხვა სულთნის მმართველობის პერიოდშია გაცემული.

2. საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები (1801-1918 წლები):

ა) ამ პერიოდის დოკუმენტები, მოცულობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდია. აქ თავმოყრილია იმ პერიოდში არსებული ყველა ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოს დოკუმენტური მასალა: ამიერკავკასიის მთავარმართებლისა და კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის, დიპლომატიური კანცელარიის, თავადაზნაურთა საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოების, საგუბერნიო და სამაზრო წინამძღოლთა, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სასამართლოს თბილისის პალატის, მეფისნაცვლის სასამართლო საქმეთა მთავარი სამმართველოს, მთავარი სამმართველოს ფინანსური დეპარტამენტისა და ფინანსური საკონტროლო ორგანოების, კავშირგაბმულობის დაწესებულებათა, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამმართველოს, საუფლისწულო მამულების სამმართველოს, ცენტრალური სასწავლო დაწესებულებების, სასწავლებელთა დირექტორების, საქველმოქმედო საზოგადოებების, საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიის, ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის, ამიერკავკასიის სეიმის, თბილისის სახაზინო პალატების, სარკინიგზო მმართველობებისა და სხვა დაწესებულებების მასალა. დოკუმენტები უმნიშნელოვანესი წყაროა არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ისტორიის მკვლევართათვის, რადგან თბილისი ამ დროს წარმოადგენდა ამიერკავკასიის ცენტრს და ძირითადი დოკუმენტური მასალა აქ იყრიდა თავს. საკვლევი თემების მრავალფეროვნება შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს ინფორმაცია მიიღონ ნებისმიერ თემაზე.

ბ) დემოგრაფიული დოკუმენტები: „საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორა“ - საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებიდან მოცულობით ყველაზე დიდი ფონდი, რომელშიც 140.000-ზე მეტი სააქტო ჩანაწერების (დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების) წიგნი ინახება. ამ ფონდზე მუშაობისას მოქალაქეს შეუძლია აწარმოოს კვლევა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის მასალების გარდა, დემოგრაფიული მონაცემების მოძიება 20-მდე ფონდშია შესაძლებელი.

3. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წლები):

მცირე ხნით მიღწეულმა დამოუკიდებლობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიის ფურცლებზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა ამიერკავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დიპლომატიური მანევრებისა და სამხედრო ოფიცრობის წყალობით, საქართველო იყო ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა, სადაც ბოლშევიკებმა შიგნიდან, ომის გამოუცხადებლად ვერ შესძლეს ხელისუფლების აღება, რადგან ქვეყანაში სუფევდა ცალსახად ანტიბოლშევიკური განწყობა; ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებში ტოლერანტობამ და პლურალიზმმა ასახვა ჰპოვა დამოუკიდებლობის აქტსა და კონსტიტუციაში; სამოქალაქო ომში ჩართულ რუსეთის ყოფილ იმპერიაში, დიდი გაჭირვების მიუხედავად, საქართველო სიმშვიდის, სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძულად რჩებოდა; 1919 წელს საყოველთაო კენჭისყრით აირჩიეს დამფუძნებელი კრება, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას გამოხატავდა (საიტერესოა აღინიშნოს, რომ ქალებმა საარჩევნო ხმის უფლება საქართველოში მიიღეს უფრო ადრე, ვიდრე აშშ-ში); დემოკრატიულ საწყისებზე არჩეული და დაფუძნებული ადგილობრივი თვითმართველობა; საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოწინავე დემოკრატიული კონსტიტუცია იყო მსოფლიოში და რომლის შემუშავება მოხდა წამყვან ევროპელ ექსპერტთა დახმარებით; საქართველოს ეკონომიკური მნიშვნელობა: მსოფლიოში მარგანეცის უდიდესი საბადო, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი და რკინიგზა (მათზე იყო დამოკიდებული ბრიტანული ჯარების როგორც მომარაგება, აგრეთვე, რეგიონში განლაგება და შემდგომი ევაკუაცია); ბათუმისა და ფოთის პორტები; მოწინავე ქართული კულტურა: ოპერა, თეატრი, მხატვრობა და ა.შ.; ამ კითხვებზე მნიშვნელოვან პასუხებს იძლევა საისტორიო არქივის ე.წ. „ლევილისა“ და „ჰარვარდის“ კოლექციები, რომელთა საარქივო წესით ფონდირება უკვე დასრულებულია.