საერთაშორისო ურთიერთობები - საქართველოს ეროვნული არქივი

საერთაშორისო ურთიერთობები

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული ძეგლებისა თუ უნიკალური დოკუმენტაციის პოპულარიზაციის, ასევე მუშაობის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების გამოცდილების გაზიარება.

ამ მიზნით ეროვნულმა არქივმა უკვე გააფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმები იტალიის, ლიტვის, პოლონეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის, ფინეთის, სომხეთის, ეგვიპტის, უკრაინის, უნგრეთის, ირანის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, საბერძნეთის ეროვნულ არქივებთან. ხელმოწერილი დოკუმენტები ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ქართველ სპეციალისტთა მონაწილეობას, მხარეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, უცხო ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციების ეროვნულ არქივში ვიზიტებს, უცხოელ მკვლევართა მუშაობის უზრუნველყოფას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას. ეროვნული არქივი თანამშრომლობს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან. ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „მაქს ვებერის ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობასთან.

ეროვნული არქივი პერიოდულად მასპინძლობს საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციებს; ასევე სტუმრობს კოლეგა არქივებს მათი გამოცდილების გაზირების მიზნით. ტარდება ერთობლივი გამოფენები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

2016 წელს ეროვნულმა არქივმა დააფუძნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“, 2022 წელიდან კი ყოველწლიურად ტარდება თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი.

საქართველოს ეროვნული არქივი 1996 წლიდან გაერთიანდა „არქივების საერთაშორისო საბჭოში“ (ICA), 2013 წელს კი ICA-ის ევროპული წარმომადგენლობისა (EURBICA) და საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის წევრი (ICARUS) გახდა.

საქართველოს ეროვნული არქივი, ასევე, გაწევრიანებულია საერთაშორისო ორგანიზაცია "Blue Shield"-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში, ორგანიზაციაში „მსოფლიო და ევროპული ელექტრონული ბიბლიოთეკები“, „კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციასა“ (FIAF) და ფოტოგრაფიის ფრანგულ საზოგადოებაში (Société française de photographie). 2023 წლიდან არის DLM Forum-ის წევრი. საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს არქივებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს და e-government და e-archives მიმართულებით მუშაობს. ეროვნული არქივი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, კონგრესებში, მრგვალ მაგიდებში.