საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ 2020 წლის 24-25 სექტემბერს გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) თავმჯდომარე დევიდ ფრიკერი; არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარე, მალტის არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა; ფინეთის ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი ჯუსი ნოურტევა; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; ფილოლოფიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი; ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ვასილ კაჭარავა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება 180-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა წაიკითხა. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, იყვნენ გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.
ღონისძიება მოიცავდა შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდა, კონფერენციის მიმდინარეობა თვალი ედევნებინათ ლაივრეჟიმში, ეროვნული არქივის facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ZOOM-ის პლატფორმაზე.
იხილეთ კონფერენციის მასალები
იხილეთ კონფერენციისპროგრამა