საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტი „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ითვალისწინებს საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას.ეროვნულ არქივში დაცულია უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალა კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს, რომელიც მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო გახდება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.ექსპედიციებისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან: ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე (პროექტის ავტორი), ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი (სამეცნიერო მიმართულება), კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის თანამშრომლები - არმენ პეტროსიანი (ფოტოგრაფი) და დიმიტრი ჯალიაშვილი (ფოტოგრაფი).