საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობა გახსნა.
ზუგდიდის არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა. შენობები ერთმანეთს მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდა.საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, აღიჭურვა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების - ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.სამეგრელოს რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება.საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.საარქივო მასალები, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ.დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყო სამკითხველო და საგამოფენო სივრცე.მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა ორგანიზაციამ - შპს ,,აგრომშენსერვისმა“ განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ რეგიონული არქივების ახალი შენობები შარშან რუსთავსა და თელავში გაიხსნა. ამასთან, დაწყებულია ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა.ღონისძიებას დაესწრნენ: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი.