ხელნაწერის მინიატურის რესტავრაციისას მე-17 საუკუნის საბუთის დედანი აღმოაჩინეს - საქართველოს ეროვნული არქივი

ხელნაწერის მინიატურის რესტავრაციისას მე-17 საუკუნის საბუთის დედანი აღმოაჩინეს

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XVI საუკუნის გულანის რესტავრაციისას, წმინდანების მინიატურის ზურგზე, აღმოჩნდა ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორისშვილის მიერ გაცემული დოკუმენტის დედანი, სრული სახით. იგი წარმოადგენს მოხსენებას სამთავისის ეკლესიის მდგომარეობისა და ზოსიმე სამთავნელის (1678-1695) დამსახურების შესახებ. დადგინდა, რომ საბუთი ავტოგრაფია და ახლავს ხელრთვა. სავარაუდოდ, ნიკოლოზმა მოხსენება 1692-1695 წლებში დაწერა.აღსანიშნავია, რომ ამ დედნის პირი ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება და გადაწერილია შიომღვიმის მონასტრის არქიმანდრიტ ნიკიფორე ჯორჯაძის მიერ. დედნის აღმოჩენა მნიშვნელოვანი შენაძენია არქივისათვის, რადგან, სავარაუდოდ, კათალიკოს ნიკოლოზის ავტოგრაფი აქამდე არ არის ცნობილი, გარდა ამისა, მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები საყურადღებო და მნიშვნელოვანია. ამავე ხელნაწერის კიდევ ერთი მინიატურის - ხარების - რესტავრაციისას, ასევე აღმოჩენილია წარწერა: „მეორედ საყდრისა მაშენებელსა დიდს ებისკოპოზს კახსა თავადსა ვაჩნაძესა შეუნდნეს ღ(მერ)თმან. პირველსა ებისკოპოზსა წალენჯიხელსა პეტრეს“. ეპისკოპოსი ვაჩნაძე, სავარაუდოდ, ნიკოლოზ ვაჩნაძე მოხსენიებულია შიომღვიმის მონასტერში 1812-1814 წლებში. XVI საუკუნის გულანი, ანუ, საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებული, როგორც მისივე მინაწერებიდან ირკვევა, ეკუთვნოდა ლევან I დადიანს (1533-1572), შემდეგ ხელნაწერი მოხვედრილა ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორისშვილის ხელში, რომელმაც გულანი 1706 წელს შესწირა შიომღვიმის მონასტერს. წიგნი ეროვნულ არქივში 1923 წელს შიომღვიმის მონასტრიდან გადმოიტანეს. ხელნაწერი შემკულია მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული საუფლო დღესასწაულთა სცენებით.2012 წლის ნოემბერში წიგნი სარესტავრაციოდ გადაეცა ეროვნული არქივის ლაბორატორიას. რესტავრაციაზე ორი სპეციალისტი მუშაობს. მიმდინარეობს ხელნაწერის თითოეული ფურცლის რესტავრაცია-კონსერვაცია, ასევე, მინიატურების რესტავრაცია და საღებავების გამაგრება. ხელნაწერის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ მინიატურების ფორმატი უფრო დიდი იყო, ვიდრე ნაწერი ფურცლებისა, ამიტომ ისინი წიგნში ჩაკეცილი სახით იყო ჩაკერებული. ნახატის გადაკეცილი ნაპირები გასწორდა, რითაც, შეძლებისდაგვარად, შეივსო მინიატურების კომპოზიციები. ამით დასტურდება, რომ ნახატები განკუთვნილი იყო სხვა ხელნაწერისთვის და გულანში ჩაკერების დროს ის გაუთანაბრეს ხელნაწერის ფურცლების ზომას.ყველა ეს ცნობა, რომელიც შეგროვდა გულანის რესტავრაციის პროცესში, სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ წიგნის მოხატულობა შექმნილია არა XVI საუკუნეში, არამედ XVII საუკუნის ბოლოს, მას შემდეგ რაც კათალიკოსმა ნიკოლოზმა მოხსენება დაწერა და მხატვარმა საბუთის ზურგი გამოიყენა დასახატად. ამის შემდეგ, დაახლოებით 1798-1814 წლებში, უკვე ნახატის ზურგიდან გადაიწერა პირი. ხოლო შემდეგ ნახატებს გასამაგრებლად ზურგზე მიაკრეს ქაღალდი და ისე ჩააკერეს გულანში, რითაც საუკუნეზე მეტხანს დაიფარა ნაწერები.წიგნის სრული აღდგენა მიმდინარე წელს დასრულდება და ეს უნიკალური ხელნაწერი საუკუნეებს გაუძლებს.