ვირტუალური გამოფენა „მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში. 1920“ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა - საქართველოს ეროვნული არქივი

ვირტუალური გამოფენა „მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში. 1920“ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის საქართველოში სტუმრობიდან 100 წელი გავიდა. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვირტუალური გამოფენა, რომელზე წარმოდგენილია მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის ამსახველი ვიზუალური და წერილობითი დოკუმენტები. ექსპონატებს შორისაა დელეგაციის წევრების დახვედრისა და საზეიმო ცერემონიის პროტოკოლები; დელეგაციის რეგიონებში მოგზაურობის განრიგი; ქართული პრესის გამოხმაურება ვიზიტის თაობაზე და მრავალი სხვა. საარქივო მასალა ნათლად წარმოაჩენს ვიზიტის დეტალებსა და მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას 1920 წლის შემოდგომაზე ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპაში გავლენიანი პოლიტიკოსები: მეორე ინტერნაციონალის ლიდერი კარლ კაუცკი, დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი რამზეი მაკდონალდი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი პიერ რენოდელი, ბელგიის იუსტიციის მინისტრი ემილ ვანდერველდე, ბელგიის სამეფოს მომავალი პრემიერ-მინისტრი კამილ ჰიუსმანსი და სხვები.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დელეგაციის წევრებმა ევროპულ პრესაში მრავალი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, მოაწყვეს შეხვედრები, წაიკითხეს მოხსენებები საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და ქართული დემოკრატიის დაცვის აუცილებლობის შესახებ. ამ ვიზიტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ევროპულ პოლიტიკურ წრეებში, გაზარდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ცნობადობა და დიდწილად უზრუნველყო საქართველოს დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება.

ვირტუალური გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე, მითითებულ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2020-1/meore-internatsionalis-delegatsia-sakartveloshi-1