ვახუშტის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა - საქართველოს ეროვნული არქივი

ვახუშტის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა.ამასთან დაკავშირებით ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ბრიფინგი გამართეს და ვახუშტის რუკების გამოფენა გახსნეს.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, ისტორიკოსები, გეოგრაფები, კატროგრაფები და სხვა დაინტერესებული პირები.„მინდა საზოგადოებას, მეცნიერებს, ისტორიკოსებს, კარტოგრაფებს მივულოცო ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ოფიციალურად გახდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი. იუნესკომ აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს ძველი გეოგრაფიული და კატროგრაფიული განძი და ის დღესაც წარმოადგენს საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიის ისტორიის, გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის უმნიშვნელოვანეს წყაროს. ჩვენ ეროვნულ არქივში ვიღებთ ვალდებულებას, რომ ვახუშტი ბაგრატიონის „გეოგრაფიულ ატლასს“ და „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“ მოვუვლით და დავიცავთ ისე, რომ არასოდეს დადგეს ეჭვქვეშ მისი საერთაშორისო რეესტრში ყოფნის საკითხი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეონა იაშვილის თქმით, ეროვნულმა არქივმა იუნესკოში მსოფლიო მემკვდრეობის საერთაშორისო რეესტრში შესატანად ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომები 2012 წელს წარადგინა. იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დაეკმაყოფილებინა ეროვნული არქივის განაცხადი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ საერთაშორისო რეესტრში შეიტანა.„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ ვახუშტი ბაგრატიონის ავტოგრაფებია, რომლებიც 1743-1755 წლებში შეიქმნა. როგორც ირკვევა, თავდაპირველად რუკები და ბაგრატიონთა გენეალოგიური სქემები ხელნაწერის შემადგენელი ნაწილი იყო და თითოეული რეგიონის აღწერას ერთვოდა შესაბამისი რუკა. სავარაუდოდ, XIX საუკუნეში რუკები და გენეალოგიური სქემები ხელნაწერისაგან განცალკევდა.ვახუშტი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ სანკტ-პეტერბურგის აზიურმა მუზეუმმა შეიძინა. 1925 წელს ბატონიშვილის ავტოგრაფები სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან საქართველოს გადმოეცა და ამჟამად ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული.„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველ სრულყოფილ გეოგრაფიულ აღწერას გვაძლევს. აქ მოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი პერიოდიდან XVIII საუკუნის 40-იან წლებამდე და მასში შესულია საქართველოს ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების ისტორია და მათი გეოგრაფიული აღწერილობა. რუკებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა კავკასიისა და საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ აღწერაში და დღემდე რჩება კავკასიის რეგიონის გეოგრაფიის შესწავლის საფუძვლად. ეროვნულ არქივში ვახუშტის რუკების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.