უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის დირექტორი თეიმურაზ ზურმუხტაშვილი დააკავეს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა სახელმწიფო საწარმოს „ენერგია 21“ გენერალური დირექტორი ელიზბარ ლომინაძე, დაკავებულია ასევე უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის არქივის დირექტორი თეიმურაზ ზურმუხტაშვილი. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო საწარმომ „ენერგია-21“, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, 2008 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება გაკოტრების რეჟიმში. მითითებული საწარმოს დოკუმენტაციის დამუშავება-დაარქივების მიზნით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იქნა 373 000 ლარი. სამუშაოების შესასრულებლად 2008-2009 წლებში „ენერგია-21“-ის გენერალურმა დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ სხვადასხვა ინდმეწარმესთან გააფორმა რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის სანაცვლოდაც ლომინაძემ ინდმეწარმეებისგან ქრთამის სახით აიღო 180 000 ლარი. ამ კორუფციულ გარიგებებში შუამავალი პირი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის დირექტორი თეიმურაზ ზურმუხტაშვილი.
ჩადენილი დანაშაულისთვის 2010 წლის 9 ივნისს ელიზბარ ლომინაძე და თეიმურაზ ზურმუხტაშვილი დაკავებულები იქნენ ეჭვმიტანილის სახით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.