ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ლევილის მამულის ისტორიასთან დაკავშირებული ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) წიგნის ერთობლივად მომზადება და გამოცემაა. თანამშრომლობის დოკუმენტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაგიორგი შარვაშიძემდა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმათეონა იაშვილმა მოაწერეს ხელი.
ლევილის მამული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მომდევნო პერიოდის შესახებ უამრავ მოგონებას, ინფორმაციას ინახავს. მათი გაცნობა უმნიშვნელოვანესია როგორც პირველი რესპუბლიკის თემის შემსწავლელი მკვლევრებისთვის და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე ამ პერიოდის ისტორიის პოპულარიზაციისთვის.
წიგნის ავტორი ტიერი ბერიშვილია – საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალი. გამოცემა ქართული ემიგრაციის 1921-2016 წლების პერიოდს მიეძღვნება. მასში აღწერილი იქნება ლევილის ქართული მამულის ისტორია – პირველი ემიგრაციის ჩასვლიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე. ავტორისეული მოგონებების საშუალებით, მკითხველი გაეცნობა ქართველთა მამულში განვითარებულ პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ისტორიებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, 2016 წელს ხელი მოეწერა „ლევილის შატოსა და მამულის“ საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს დაუბრუნდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2018 წელს ერთობლივად მომზადდა სამენოვანი (ქართულ-ფრანგულ-ინგლისური) გამოცემა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შესახებ.