ტიერი ბერიშვილი: „ლევილის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტაში იუსტიციის მინისტრის დიდი დამსახურებაა“ - საქართველოს ეროვნული არქივი

ტიერი ბერიშვილი: „ლევილის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტაში იუსტიციის მინისტრის დიდი დამსახურებაა“

ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის დაბრუნებისა და საქართველოს ეროვნულ არქივში მამია და ქრისტიანე ბერიშვილების ფონდის შექმნის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და მამია ბერიშვილის შთამომავალს, ტიერი ბერიშვილს შორის 2018 წლის 14 თებერვალს მემორანდუმი გაფორმდა.

ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის საქართველოში დაბრუნება სიმბოლურად საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს უკავშირდება. ეს შეთანხმება ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების წარმატებული მოლაპარაკებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და მამია ბერიშვილის შვილს, ტიერი ბერიშვილს შორის შედგა.

„დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ საქართველოს ეროვნულ არქივში მამია ბერიშვილისა და მისი მეუღლის ფონდის დაფუძნებას. ამ ფონდში მათი შვილი, ტიერი ბერიშვილი შეიტანს ყველა იმ დოკუმენტს, რომელთაც მამია ბერიშვილი ინახავდა და უვლიდა ლევილის მამულთან ერთად. დღეს მამის საქმეს ბატონი ტიერი აგრძელებს. მადლობა მას, რომ გადაწყვიტა ეს დოკუმენტები ეროვნული არქივისათვის გადმოეცა“, - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ტიერი ბერიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე აღნიშნა: „მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც 2015 წელს, როდესაც ლევილის შატოს გადმოცემის მოლაპარაკებები შევიდა ჩიხში, სწრაფად ჩაწვდა პრობლემების ბუნებას და მისი დიდი დამსახურებაა, რომ სწრაფად გადაწყდა ეს საკითხი და მიღწეულ იქნა მემორანდუმის ხელმოწერა. ამჯერად ჩვენ ვთანხმდებით, რომ ლევილის არქივების ბოლო ნაწილს ჩამოვიტანთ აქ, საქართველოს გულში, ამ არქივში ინახება ის საბუთები, რომლებიც დაკავშირებულია ლევილის შატოს შეძენასთან, აქვეა ჩვენი დიდი წინაპრების ანდერძი და ლევილის უკანასკნელი არქივიც აქ დაიდებს ბინას“.

მამია და ქრისტიანე ბერიშვილები ლევილის მამულს 20 წლის განმავლობაში მართავდნენ. 1995 წლიდან მამია ბერიშვილმა საზღვარგარეთ არსებული ბიუროდან წამოიწყო ემიგრაციაში 1921 წლიდან მყოფი საქართველოს მთავრობის არქივის დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი. შედეგად, მამია ბერიშვილმა 1995-1996 წლებში 450 კგ. არქივი გადასცა იმ პერიოდის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ზურაბ ჟვანიას. მამიას გარდაცვალების შემდეგ კი, მისივე სურვილისამებრ, 2015 წელს მისი პირადი არქივი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივის დარჩენილი ნაწილი გადაეცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ არქივს გადაეცემა ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი, მისი შენახვის, დაცვისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ მასალის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ საარქივო კოლექციას მიენიჭება სახელი: „მამია და ქრისტიანე ბერიშვილების ფონდი“. არქივი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი.