საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულია ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს ფონდი, რომელიც მოიცავს 1921-2001 წლებს და ნათლად ასახავს ამ პერიოდში დედაქალაქის არქიტექტურულ განვითარებას. ფონდში 45 533 საქმე შედის. ფონდის შესახებ ინფორმაცია ეროვნული არქივის ფონდებისა და კოლექციების მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს ფონდში დაცულია 1921-2001 წლებში თბილისში აშენებული თითქმის ყველა კაპიტალური ნაგებობის დოკუმენტები: მიწის გამომყოფი ბიუროს სხდომის ოქმები, აღმასკომის გადაწყვეტილებები მიწის გამოყოფის და შენობის აგების შესახებ, შენობის პროექტები, ქალაქის მთავარი არქიტექტორის ბრძანება პროექტის შეთანხმების შესახებ, მშენებლობის პასპორტი, სხვადასხვა ტექნიკური დასკვნა თუ ანალიზი და ა.შ. აღნიშნული ფონდის მასალებში ვხვდებით ისეთ საინტერესო დოკუმენტებს როგორიცაა: თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმები, მთავრობის სასახლის, შოთა რუსთაველის სახელობის კინოთეატრის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის, კონსერვატორიის ახალი საკონცერტო დარბაზის და სხვა მნიშვნელოვანი შენობის პროექტები. მიმოწერები დარეჯანის სასახლის და გმირთა მოედნის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის შესახებ; ქალაქის ძველი უბნების რესტავრაცია, ქორწინების სასახლისათვის ადგილის შერჩევა, მასალები ქვაშვეთის ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობის, რუსთაველის ძეგლის რესტავრაციის შესახებ და სხვა.ტექნიკური მასალების უმეტესი ნაწილი ასახავს თბილისში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ისტორიას.ფონდის მასალების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.