სულხან ცინცაძის პირადი არქივი ეროვნულ არქივში იქნება დაცული - საქართველოს ეროვნული არქივი

სულხან ცინცაძის პირადი არქივი ეროვნულ არქივში იქნება დაცული

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის პირადი არქივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაიდებს ბინას. კომპოზოტორის 85 წლისთავის აღსანიშნავად მეუღლის მოღვაწეობის ამსახველი მასალა ლიანა ცინცაძემ ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას უსასყიდლოდ გადასცა. სულხან ცინცაძე 1925 წელს დაიბადა გორში. მან ორჯერ დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჯერ ჩელოს (1950), შემდეგ კომპოზიციის (1953) სპეციალობებით. უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში (1942-1944), საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში (1943-1946), იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965-1984), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1985-1989).ცნობილია, რომ სულხან ცინცაძის შემოქმედება მრავალფეროვანია. მას შექმნილი აქვს კამერულ-ინსტრუმენტული, სიმფონიური, საოპერო, საბალეტო, ვოკალური და კინომუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები.კომპოზიტორის ოჯახისაგან ეროვნული არქივისათვის გადაცემულ მასალებს შორის არის: კომპოზიტორის პირველი და ბოლო ნამუშევრები; მელოდიები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, კვარტეტები, ვალსი ოპერიდან „ოქროს საწმისი“, რომანსები, ოპერები და ოპერეტები; მუსიკა სპექტაკლებისათვის: „დონ სეზარ დე ბაზანი“, „ესპანელი მღვდელი“, „ფილოსოფიის დოქტორი“, კინოფილმებისათვის: „ჭრიჭინა“, „მაია წყნეთელი“, „აბეზარა“ და სხვ.ჩამოთვლილი ნაწარმოებთა პარტიტურები და კლავირები, ძირითადად, წარმოდგენილია ხელნაწერის სახით. აქვეა სარეჟისორო სცენარები, ლიბრეტოები, სარეჟისორო გეგმები. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართული კონცერტების აფიშები ავტოგრაფებით, პროგრამები, მოსაწვევი ბარათები, მიმოწერა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან. სულხან ცინცაძის პირად არქივშია მდიდარი ფოტომასალა, ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები და სტატიები, კომპოზიტორისათვის გადაცემული საპატიო სიგელები.სულხან ცინცაძის პირადი ფონდი მნიშვნელოვანი შენაძენია ეროვნული არქივისთვის. დამუშავების შემდეგ იგი ხელმისაწვდომი იქნება მუსიკის ისტორიით დაინტერესებული ყველა მკვლევარისათვის.