სტუდენტური სამეცნიერო პროექტის მონაწილეებმა კვლევა დაიწყეს - საქართველოს ეროვნული არქივი

სტუდენტური სამეცნიერო პროექტის მონაწილეებმა კვლევა დაიწყეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ისინი 14 იანვრიდან 17 მარტამდე იმუშავებენ შემდეგ თემებზე: ირმა ჭანტურია - „ქალთა საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“; რატი კობახიძე - „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“ და ალექსანდრე ბიძინაშვილი - „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში“.

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; ასევე იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია იკვლიონ.

პროექტის ხელძღვანელია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი, ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა. შეირჩა სამი სტუდენტი: ირმა ჭანტურია - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი; რატი კობახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მესამე კურსის სტუდენტი; ალექსანდრე ბიძინაშვილი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების II კურსის (ბაკალავრიატი) და თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის (ბაკალავრიატი) სტუდენტი.

მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტები საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციას გამართავენ, ამასთანავე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მათი კვლევების ელექტრონული ვერსია.

სტუდენტურ პროექტს 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი და წელს უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიება ამჯერად საქართველოს ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.