სემინარი არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებისათვის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის სემინარი გაიხსნა. სწავლებას 28 მსმენელი ესწრება. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
სემინარზე კვალიფიციური სპეციალისტები მონაწილეებს გააცნობენ არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, მათ შორის: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.
სწავლების მონაწილეებს პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარდებათ. სემინარი 11 ივნისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.