სახელმწიფო დაწესებულებების არქივების თანამშრომლები ხუთდღიან სწავლებას გაივლიან - საქართველოს ეროვნული არქივი

სახელმწიფო დაწესებულებების არქივების თანამშრომლები ხუთდღიან სწავლებას გაივლიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთათვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრებისა და მუზეუმების, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისა და სხვა დაწესებულებათა 41 თანამშრომელი. სწავლების ძირითადი თემაა: „საქმისწარმოების ერთიანი წესები და დაწესებულებათა არქივების მუშაობის პრინციპები“. სემინარზე განიხილება შემდეგი საკითხები: დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაცია; მმართველობითი დოკუმენტების მომზადება-გაფორმება; საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა ანაწერების შედგენა-გაფორმება; დაწესებულების არქივის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა და აღრიცხვა; დაწესებულების არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატი და დოკუმენტების გამოყენება. სემინარის მსვლელობისას ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები.