საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი სახარების (ფონდი 1446, ხელნაწერი 26) ახალ აღწერილობაზე მუშაობისას დადგინდა, რომ ხელნაწერი, ძირითადად, შედგება პალიმფსესტური ფურცლებისაგან, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.
სახარება სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს გამხდარა. ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან არის შემოტანილი, შესრულებულია ეტრატზე და საუცხოო მინიატურებით გამოირჩევა. არსებულ აღწერილობებში ის მე-14 საუკუნის სახარებად არის მოხსენიებული.
ხელნაწერის პალიმფსესტური ფურცლები არის როგორც ორფენიანი, ისე სამფენიანი: ზედა ორი ფენა ნაწერია ნუსხურით, ხოლო ქვედა, მესამე ფენა - ასომთავრულით. ზედა ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელის სახარებაა, ხოლო ქვედა - მესამე - ფენის იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ხელნაწერი მრავლად შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერებს, რომელთა ნაწილი ნაწერია ნუსხურით, ხოლო ნაწილი - მხედრულით.
ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ხელნაწერის ერთი ფენის გადამწერი ვინმე გიორგია, მომგებელი - ბერი ესტატე. სახარების ერთ-ერთი გვერდის არშიაზე დაახლოებით XVI-XVII საუკუნეების ხელით მითითებულია, რომ ხელნაწერი მფლობელს თორმეტ მარჩილად შეუძენია.
ამგვარად, სახარება შეიცავს IX-X, XII-XIII, XIV, XVI-XVII საუკუნეებში ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით გადაწერილ ფურცლებს, ასევე დაახლოებით XIV საუკუნეში მოხატულ მინიატურებსა და თავსამკაულებს.
ხელნაწერი ამჟამად ნომინირებულია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შესატანად.
ხელნაწერთა ახალი აღწერილობების პროექტი ეროვნულ არქივში 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია განაახლოს ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ 1000-მდე ხელნაწერს ეხება.პროექტის ფარგლებში 2016 წელს 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოიცა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღწერილობების მეორე ტომზე.