სარაევოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა - საქართველოს ეროვნული არქივი

სარაევოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს სარაევოში, ბოსნია და ჰერცოგოვინის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა და ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის არქივის ხელმძღვანელმა ადამირ ჯერკოვიჩმა გახსნეს.

ორი ქვეყნის არქივების მიერ ორგანიზებული გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის კულტურისა და განათლების სამინისტროების, სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ექსპოზიცია ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა.

გამოფენაზე წარმოდგენილია წერილობითი და ფოტომასალა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრირებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის არქივებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს საარქივო სფეროში პროფესიული გამოცდილების გაზიარებას; ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლას; სამეცნიერო და პროფესიული შეხვედრების ორგანიზებას; ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა ორ კვირას გასტანს.