საქართველოსა და უკრაინის არქივებს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივსა და უკრაინის სახელმწიფო არქივების კომიტეტს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგიტა ჭეჟიამ, ხოლო უკრაინის მხრიდან - სახელმწიფო არქივების კომიტეტის თავმჯდომარემ ოლგა გინზბურგმა.
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია უკრაინაში 19 მაისს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობს არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპა-აზიის რეგიონული ორგანიზაციის დაგეგმილ ევრაზიის მე-11 რეგიონულ კონფერენციაში. ღონისძიების თემებია: საერთო საარქივო მემკვიდრეობა და ეროვნული საარქივო ფონდები; ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და ელექტრონული არქივები. მემორანდუმი აღნიშნული კონფერენციის მსვლელობისას გაფორმდა.
დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობას საარქივო დოკუმენტების ერთობლივი პუბლიკაციების, ერთობლივი გამოფენების მოწყობის, პროფესიული და სამეცნიერო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებებით.