საქართველოსა და პოლონეთის არქივებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივს შორის დღეს ვარშავაში ამ უწყებების ხელმძღვანელებმა თეონა იაშვილმა და სლავომირ რადონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, საქართველოსა და პოლონეთის ისტორიის ამსახველი მასალების შესწავლას, მათი ასლების გაცვლასა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული არქივის წარმომადგენლები ვარშავაში პოლონელი კოლეგების მიწვევით იმყოფებიან და მონაწილეობენ პოლონეთის სახელმწიფო არქივის 200 წლის საიუბილეო ღონისძიებაში.აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში დაცულია პოლონეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის პირად ფონდში არსებული, XVI-XIX საუკუნეებით დათარიღებული, პოლონურ ენაზე შესრულებული ხელნაწერი საბუთები.