საქართველოსა და ლიტვის არქივებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტის დირექტორმა ვიდას გრიგორაიტისმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მეჩის ლაურინ კუსი და ლიტვის რესპუბლიკის ელჩის პირველი თანაშემწე ლაიმონას ტალატ-კეფშა დაესწრნენ.
ლიტვის რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტის დელეგაცია ეროვნულ არქივს ხუთდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლიტვის რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტის დირექტორი ვიდას გრიგორაიტისი, ლიტვის ცენტრალური არქივის დირექტორი დალუს ჟიჟისი, უფლებებისა და პერსონალის მართვის განყოფილების უფროსი რამოიუს კრაოუიალისი.
ლიტველი ისტორიკოსებისა და არქივისტების დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის პირადმა ფონდმა, რომელიც ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება. კათალიკოს-პატრიარქის პირად ნაშრომებთან ერთად, ფონდში დაცულია მის მიერ შეკრებილი სხვადასხვა მასალა, მათ შორის XVI-XX საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერი დოკუმენტები ლიტვურ, პოლონურ და უკრაინულ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტების სამეცნიერო შესწავლა და რესტავრაცია დღემდე არ მომხდარა.
სავარაუდოდ, ეს დოკუმენტები კირიონ II-მ პოჟაისკის მონასტრიდან ჩამოიტანა, რომლის წინამძღვარიც 1902-1908 წლებში იყო.
”მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, ორი ქვეყნის არქივებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას ემსახურება. ამ შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი პირველი პროექტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის პირად არქივში დაცულ დოკუმენტებს შეეხება. უახლოს მომავალში თბილისში ჩამოვლენ ძველი ლიტვური ენის სპეციალისტები და ამ დოკუმენტების ისტორიულ მნიშვნელობას შეისწავლიან”, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეონა იაშვილმა.