საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნულ არქივებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საარქივო ადმინისტრაციისა და ჩანაწერთა მართვის დეპარტამენტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგიტა ჭეჟიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის საარქივო დეპარტამენტის დირექტორმა ვალსავ ბაბიცკამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობას საარქივო დოკუმენტების მოძიებისა და დეტალური ინფორმაციის გაცვლის; საარქივო დოკუმენტების პუბლიკაციების, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის მიწოდების, ერთობლივი გამოფენების ორგანიზების კუთხით; ასევე, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების, პროფესიული შეხვედრების (კონფერენციები, სემინარები) დროს.
ეროვნული არქივის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით 22 ივნისს ეწვია. ამავე ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის დირექტორს ჟოზეფ ჰანუსს და სხვა ხელმძღვანელ პირებს, დაათვალიერებენ ცენტრალურ და რეგიონალურ არქივებს და გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს საარქივო საქმიანობაში.
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში 1 ივლისს დასრულდება.