„საქართველოს ოლიმპიელები“ ეროვნული არქივის გალერეაში - საქართველოს ეროვნული არქივი

„საქართველოს ოლიმპიელები“ ეროვნული არქივის გალერეაში

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები“ გახსნეს.

გამოფენა ეძღვნება რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც მონაწილეობის უფლება საქართველოდან 40-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ: ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები და მათი ოჯახის წევრები, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების ფოტოები, გარდა ამისა, ქართული სპორტის მუზეუმის ექსპონატები - ოლიმპიელების მედლები, თასები და მემორიალური ნივთები.

„ამ გამოფენის გახსნით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს, რომელთა ნაწილი უკვე რიოში ჩავიდა, ნაწილი კი ამ დღეებში გაემგზავრება. ჩვენ ამ გამოფენას დავტოვებთ ოლიმპიადის ბოლომდე და დავამატებთ ახალი ოლიმპიელებისა და ოლიმპიური მედალოსნების ფოტოებს, მედლებსა და თასებს, რომლებიც, დარწმუნებულნი ვართ, არაერთი იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გამოფენაზე ნაჩვენები იყო კინოკადრები - მელბურნის ოლიმპიური თამაშების ქართველი მონაწილეების დაბრუნება საქართველოში და მათი დაჯილდოება (1957 წ.) ქართველ ოლიმპიელ სპორტსმენთა დაბრუნება რომიდან საქართველოში (1960 წ.). გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40