საქართველოს ეროვნული არქივი FIAF-ის ასოცირებული წევრი გახდა - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივი FIAF-ის ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF) ასოცირებული წევრი გახდა. გადაწყვეტილება 2013 წლის აპრილში, ბარსელონაში გამართულ კონგრესზე იქნა მიღებული, რომელშიც მონაწილეობდა ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე ნინო ძანძავა. FIAF-ში გაწევრიანება ეროვნული არქივს საშუალებას მისცემს, გააფართოვოს კავშირები ამ ორგანიზაციის სხვა წევრ არქივებთან, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებში, პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ კოლექციებს საერთაშორისო მასშტაბით, გააღრმავოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ფილმების კონსერვაციისა და დაცვის თანამედროვე შესაძლებლობებში, მოახდინოს ფილმების პრეზენტაცია, მოიძიოს ინფორმაცია FIAF-ის წევრ არქივებსა და მუზეუმებში დაცული ქართული ან საქართველოსთან დაკავშირებული ფილმების შესახებ. FIAF აერთიანებს არქივებს, რომლებიც კინოფილმებს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად და ისტორიულ დოკუმენტებად განიხილავს და რომელთა საქმიანობა ფილმების დაცვისა და შენახვისკენაა მიმართული. FIAF 1938 წელს, პარიზში დაარსდა. ის მსოფლიოს წამყვანი კინოარქივების ასოციაციას წარმოადგენს. მისი მიზანია კინოფილმების სათანადო კონსერვაციისა და პრეზენტაციის საკითხებზე ზრუნვა. ორგანიზაციის წევრია 77 ქვეყანაში არსებული 150-ზე მეტი არქივი.