საქართველოს ეროვნული არქივი 2015 წელს 85 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივი 2015 წელს 85 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურებით 2015 წელს 85 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი არქივებიდან მოქალაქეებმა 83 500 საარქივო ცნობა მიიღეს, რაც 10 000-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მონაცემს.

ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან მოქალაქეები, ძირითადად, ითხოვენ შემდეგ დოკუმენტებს: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.

ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია: იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში.

გარდა ამისა, შარშან ცენტრალური არქივების მკვლევართა დარბაზებში 1725-მა მკვლევარმა იმუშავა, რომელთაგან 118 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მათი კვლევის თემები იყო: ებრაელები საქართველოში; შუა აზიის ისტორია; საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921); რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII-XIX საუკუნეებში; პოლონელი თავადაზნაურობა; ქართული ეკლესია-მონასტრები; თბილისის ეკლესიების არქიტექტურა და სხვა.