საქართველოს ეროვნულ არქივს პოლონელი მკვლევარი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს პოლონეთის სახელმწიფო არქივის წარმომადგენელი ალექსანდრა ზადროჟნიაკი ეწვია. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი საისტორიო არქივში საქართველოში პოლონელთა მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს გაეცნობა და შეარჩევს იმ მასალებს, რომლებიც ვარშავაში გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვარშავაში, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობების, ასევე, საქართველოში პოლონელების მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების გამოფენა გაიმართება.ინფორმაციისათვის, 2008 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და პოლონეთის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, საქართველოსა და პოლონეთის ისტორიის ამსახველი მასალების შესწავლას, მათი ასლების გაცვლასა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს.ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივში 2009 წელს მოეწყო გამოფენა „პოლონელები საქართველოში“, რომელიც საქართველოში პოლონელი მოღვაწეების საქმიანობას ასახავდა. ღონისძიებას პოლონეთის სახელმწიფო არქივების გენერალური დირექტორის მოადგილე ბარბარა ბერსკა და ქალაქ ვარშავის სახელმწიფო არქივის დირექტორი რიშარდ ვოიტოვსკი დაესწრნენ.