საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების წარდგენა - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების წარდგენა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

საიუბილეო მარკის შექმნის იდეა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ფოსტას ეკუთვნის. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პირველი რესპუბლიკის დაფუძნების უნიკალური დოკუმენტების დედნების გამოფენის ფონზე გაიმართა.

საფოსტო მარკების ესკიზები შეიქმნა თემაზე: ,,საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე“. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი იყო სამი მარკა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რუკა და დროშა. საფოსტო მარკების ვიზუალი შეიქმნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების და ფოტომასალის გამოყენებით. საბოლოოდ საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად მარკების კომისიამ შეარჩია ბაადურ ქობლიანიძის მიერ შექმნილი მარკა.

პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკა გამოიცა 1919 წლის 26 მაისს. დამოუკიდებელ საქართველოში გამოდიოდა ქართული საფოსტო მარკები სხვადასხვა ვიზუალით. ყოველ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი სხვადასხვა კომპოზიციაში. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანზე გაკეთებულია წანაბეჭდები. ამ პერიოდში გამოცემული ქართული მარკები დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

საფოსტო მარკების გამოცემა შეწყდა 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებებით, მაგრამ არცერთ მათგანზე არ იყო დატანილი წარწერა „საქართველო“ ან რაიმე მინაწერი ქართულ ენაზე. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ქართული ეროვნული მარკების გამოცემა, რადგან ეროვნული საფოსტო მარკა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია.

ეროვნული საფოსტო მარკის გამოცემისთვის ღია კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი ხელს უწყობს ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას. შედეგად, გამოიცემა საფოსტო მარკები ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების, ღირსშესანიშნაობებისა და ცნობილ ქართველ მოღვაწეთა გამოსახულებით.