„საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში - საქართველოს ეროვნული არქივი

„საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

საქართველო-იტალიის ურთიერთობის შესახებ საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა სახელწოდებით - „საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა.

ექსპოზიცია გახსნეს: იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიის კვლევების საბჭო (CNR). გამოფენის კურატორია იტალიის კვლევების საბჭოს წარმომადგენელი მასიმო კულტრარო.

საქართველო-იტალიის ურთიერთობის ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის მეგობრობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა XVII საუკუნიდან დღემდე. მათ შორისაა: იტალიაში, რომის არმიის არქივში დაცული კავკასიის რუკა (1919 წელი); ქრისტოფორო კასტელის ჩანახატები და ხელნაწერები (1626 წელი); იტალიელ მხატვარ კორადინის ესკიზები პირველი ქართული თეატრალური სპექტაკლისთვის „გაყრა“; იტალიელი მომღერლების საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები (1870-იანი წლები); მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში მცხოვრები ქართველი პარტიზანების ფოტოები; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი მასალა და სხვ.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.