სამეცნიერო სიახლის შესახებ ეროვნულ არქივში ჩატარებული ლექციაზე - საქართველოს ეროვნული არქივი

სამეცნიერო სიახლის შესახებ ეროვნულ არქივში ჩატარებული ლექციაზე

მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლის შესახებ გახდა ცნობილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ზაზა ალექსიძის, საჯარო ლექციაზე, რომელიც 23 თებერვალს ეროვნულ არქივში გაიმართა.

ეროვნული არქივის ერთ-ერთ კოლექციაში დაცულია ფოტო, რომელზეც 10-სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა წარმოდგენილი პალეოგრაფიული პირის სახით. ფოტოზე XIX საუკუნის მიწურულს ფოტოგრაფის მიერ დატანილი ინფორმაცია გვამცნობს, რომ ეს წარწერიანი ქვა ამოიღეს ახალქალაქის გალავნის ერთ-ერთი კედლიდან. ფოტოს იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა, ამიტომ ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებამ დახმარებისთვის ბატონ ზაზა ალექსიძეს მიმართა. მისმა ჩატარებულმა კვლევამ რამდენიმე ღირებული სიახლე გამოავლინა:

აღმოჩნდა, რომ პარიზში, ლუვრის მუზეუმის საცავში, დაცულია ასევე ქართული, ასომთავრულწარწერიანი ქვა. არქივში დაცული ფოტოს გაშიფვრამ და ლუვრში დაცული წარწერის ტექსტების შედარებამ უჩვენა, რომ ეს ორი წარწერა შინაარსობრივად აგრძელებს ერთმანეთს. დადგინდა, რომ ეროვნულ არქივში დაცულ ფოტოზე ახტალის მცირე ეკვდერის ამჟამადაც არსებული წარწერაა მოტანილი. ბატონმა ზაზამ დაასკვნა, რომ ლუვრში დაცული ქვა ქართული ასომთავრული წარწერით არის სწორედ ამ ეკვდერის ერთ-ერთი კედლიდან ჩამოხსნილი (სავარაუდოდ, დასავლეთის კედლიდან) ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებამდე. არავინ იცის, როგორ მოხვდა ეს ქვა ლუვრში. პალეოგრაფიული პირი, რომლის ფოტო შენახულია ეროვნულ არქივში, დამზადებულია ალექსანდრე ერიცოვის მიერ, ხოლო ფოტოზე დატანილი წარწერა, რომ ქვა ახალქალაქშია ნაპოვნი, სიმართლეს არ შეეფერება.

ამგვარად, ა) ლუვრისა და ახტალის წარწერები ერთმანეთს პირველად დაუკავშირდა და ლუვრის ქვის წარწერის შინაარსი, წარმომავლობა და თარიღი სრულიად ნათელი გახდა (1250 წელი); ბ) შესაძლებელი გახდა ეროვნულ არქივში დაცული ფოტოს იდენტიფიკაცია.

ორივე ქვის შეერთებამ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა: პეტრემ და მისმა ძმისწულმა ილარიონმა თავიანთი სულის საოხად და მათი უშუალო პატრონის - ათაბაგ ავაგის - მოსახსენებლად ააგეს მცირე ეკვდერი 12 მოციქულის დღესასწაულის სახელზე.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ათაბაგი ავაგი (ავაგ მხარგრძელი) ცნობილი ივანე მხარგრძელის, თამარ მეფის ამირსპასალარის, შვილია.