საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და გაფართოების პროექტზე მუშაობა განახლდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები (დასუფთავება და მიწის სამუშაოები), მშენებლობა დაიწყება მას შემდეგ, რაც შენობის არქიტექტურული პროექტის კორექტრებული ვერსია იქნება მზად.
2017 წლის დეკემბერში ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის გვერდით ახალი არქივსაცავების მშენებლობის მიზნით დაწყებული მიწის სამუშაოებისას მე-18-19 საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა.
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენისთანავე შეწყდა სამშენებლო სამუშაოები და მის შესწავლაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაერთო.
აღმოჩენასთან დაკავშირებით არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულმა მუზეუმმა. არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება.
კულტურული მემკვიდეობის დაცვის სააგენტომ ეროვნულ არქივს მისცა რეკომენდაცია, საპროექტო შენობის არქიტექტურული გეგმარებითი სტრუქტურა შეცვალოს იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არქეოლოგიური ფენა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივისშენობის პროექტის კორექტირებულ ვერსიაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.