საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება

ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, XII-XIII საუკუნეების პალიმფსესტური სახარება, თბილისში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს.

ტრანსპორტირების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვე დარჩება, შემდეგ კი სრულად რესტავრირებული ოთხთავი კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ოთხთავის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ განისაზღვრება.

რესტავრაციას ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით შეასრულებენ, რაც გაზრდის უნიკალური დოკუმენტის დაცულობის ხარისხსა და მისი შენახვის ხანგრძლივობას.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომელიც რესტავრაციის პროცესს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში გაივლის. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა. უნიკალურ ხელნაწერებზე მუშაობის შესაძლებლობას ლაბორატორიის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მასალა-დანადგარები და რესტავრატორთა მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს.