საქართველოს ეროვნული არქივი 2023 წელს 25 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივი 2023 წელს 25 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიდან 2023 წელს 22 600-მდე მოქალაქემ მიიღო საარქივო ცნობა, 1995-მა მოქალაქემ კი მკვლევართა დარბაზებში იმუშავა.

მკვლევარებმა, რომელთაგან 65 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, წლის განმავლობაში იმუშავეს კავკასიის ისტორიის, საქართველოსა და კავკასიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების, თბილისის არქიტექტურის საქართველოში არსებული კურორტებისა და სანატორიუმების, უძრავი ქონების, გვარების გენეალოგიის შესახებ.

გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე მოქალაქეთა უფლებების რეგისტრაციის ხელშესაწყობად, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდა 12 500-მდე დოკუმენტი, ხოლო სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დაამუშავა 571 600-მდე საარქივო მონაცემი.

ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების; რეპრესიისა და რეაბილიტაციის შესახებ; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი; ბიოგრაფიული ხასიათის; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობები და სხვ.

ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში.