საქართველოს ეროვნული არქივი - 100 - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივი - 100

2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება - რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წელს იგეგმება საიუბილეო ღონისძიებები: გამოფენები, კონფერენციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაცია, ექსპედიციები, საჯარო ლექციები;უკვე მომზადებულია სპეციალური ლოგოც.

ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართება; ასევე - სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. გარდა ამისა, „UNESCO“-თან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც 4-5 ნოემბერს იგეგმება.

საიუბილეო წელს გაიმართება გამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“; „ერეკლე II“; „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე“; „წმინდა გიორგი" და სხვ.