საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული ქართული ძველი საბუთების დედნებისა და პირების კოლექციები ბოლო პერიოდში უამრავი საინტერესო დოკუმენტით (XVI-XVIII საუკუნეები) შეივსო, რომლებიც ძველ საბუთთა განყოფილების თანამშრომლებმა ამავე არქივის მე-19 საუკუნის დაწესებულებათა ფონდებში მოიძიეს. თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს საქმეებში შემთხვევით აღმოჩენილმა 1779 წლის დედანმა, რომელიც ერეკლე II-ის მიერ გაცემულ წყალობის სიგელს წარმოადგენს, არქივისტებს მიანიშნა, რომ არქივში დაცულ XIX საუკუნის დაწესებულებათა ფონდებში შეიძლებოდა ძველი საბუთების მოძიება.გამოიცა სპეციალური ბრძანება ზემოხსენებული ფონდების საქმეებში მოძიებული საბუთების აღრიცხვის, საქმეებიდან მათი ამოღებისა და ძველ საბუთთა კოლექციებში გადატანის შესახებ. შედეგად, კოლექციებს შეემატა XIX საუკუნეების დაწესებულებათა ფონდებიდან ამოღებული XVI-XVIII საუკუნეების მნიშვნელოვანი საბუთები, რომელიც ამ დაწესებულებებში სხვადასხვა გზით იყო მოხვედრილი (მაგ.: წარდგენილი იყო ამა თუ იმ საკითხის განხილვისათვის, როგორც მტკიცებულება და სხვ.). მათ შორის არის: ლეონ მეფის მიერ 1566 წელს გაცემული ყმა-მამულის წიგნი, ლუარსაბ მეფის მიერ 1558 წელს გამოტანილი განაჩენი, სვიმონ მეფის მიერ 1591 წელს გაცემული წყალობის წიგნი, შაჰ-აბასის 1602 წლის ფირმანი, გადათარგმნილი ენაკოლოფოვის მიერ, ვახტანგ VI-ის წყალობის წიგნი (1723 წელი), მეფეების: იესეს, თეიმურაზის, ერეკლე II-ის, გიორგი XII და სხვათა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, გაცემული 1707-1801 წლებში.ამიერკავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის ფონდის საქმეებში სხვა საინტერესო დოკუმენტებთან ერთად აღმოჩნდა ალექსანდრე დიდის მიერ 1429 წელს გაცემული სოფელ კრწანისის შეწირულების წიგნი სვეტიცხოველისადმი, რომელსაც ახლავს მეფის ხელრთვა. იმის გათვალისწინებით, რომ არქივში დაცულია ალექსანდრე დიდის მხოლოდ ორი სიგელი, გასაგები ხდება მოძიებული საბუთის მნიშვნელობა.ძველ საბუთთა განყოფილების მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება და, იმედია, კიდევ მრავალი საინტერესო დოკუმენტი გამოვლინდება, რომლებიც დააინტერესებს XVII-XVIII საუკუნეების მასალაზე მომუშავე ისტორიკოსებს.