საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს - საქართველოს ეროვნული არქივი

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს 2017 წელსაც განახორციელებს. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 31 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობის საშუალება აქვთ თბილისისა და რუსთავის, ასევე მცხეთის, დუშეთის, კასპის, გორის რაონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს.

პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვიქტორინის ეტაპებისგან. პროექტში ჩართულ სკოლებში პირველი რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართება; ამის შემდეგ სკოლებში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფები, რომლებიც მაისში ეროვნულ არქივში დაგეგმილ ვიქტორინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ღონისძიებას ჟიურის წარმომადგენლები შეაფასებენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინას თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.