იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინის მონაწილე სკოლების გუნდები რვა ქვეჯგუფში დღეს კენჭისყრით გადანაწილდა.
პროექტ-ვიქტორინაში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის რაიონის 32 სკოლაა ჩართული.პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის მარტში, ეროვნული არქივის თანამშრომლებმა 1918-1921 წლების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია ყველა სკოლაში ჩაატარეს. სკოლებს გადაეცა ის ლიტერატურა, რომლის საფუძველზეც ვიქტორინისათვის კითხვები მომზადდება.
ამის შემდეგ თითოეულმა სკოლამ ვიქტორინაში მონაწილეობისათვის ჩამოაყალიბა VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 5-კაციანი გუნდი.
ვიქტორინა მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, რასაც შეაფასებს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი“ და „საუკეთესო მოთამაშე“ და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.
საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეთა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით დაინტერესებას ემსახურება.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია ვიქტორინის შესახებ