საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 7-11 ივლისს საარქივო საქმის სასწავლო კურსს ბათუმში ჩაატარებს. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებების თანამშრომლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საარქივო საქმესთან დაკავშირებულ თანამდებობაზე და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.
სწავლება მოიცავს 10 აკადემიურ საათს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი ა.შ.
ტრენინგის შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი. ტრენინგში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 3 ივლისამდე გაგრძელდება.იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://www.archives.gov.ge/ge/training