საარქივო დოკუმენტზე შემორჩენილი სიყვარულის ისტორია და მისი ფინალი - საქართველოს ეროვნული არქივი

საარქივო დოკუმენტზე შემორჩენილი სიყვარულის ისტორია და მისი ფინალი

ფილიპე მახარაძისადმი სოფელ შილდის მასწავლებლის, პელო ბერიაშვილის წერილის ეროვნული არქივის „კვირის დოკუმენტად“ გამოქვეყნებას საინტერესო შედეგი მოჰყვა. არქივს გამოეხმაურნენ წერილის ავტორის შთამომავლები და ამ სიყვარულის ისტორიის დასასრული უამბეს.

საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს პედაგოგმა საკუთარი უსახსრობისა და ობლობით ნაწვნევი გასაჭირის შესახებ მისწერა, მთავარი სათქმელი კი საკუთარი სიყვარულის ამბავი და ამის გამო შექმნილი პრობლემები იყო: „როგორც მოგეხსენებათ, და, რასაკვირველია, გამოცდილებაც გექნებათ, მოწაფეობის დროს შემიყვარდა და შევიყვარეთ ერთმანეთი. თუმც დიდი დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ ბუნების კანონია სიყვარული და ვერც მე გაუსხლტი ამ კლანჭებს. შეყვარება არაფერი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ იგი თავადისშვილია... ძალიან ვებრძოლე ჩემს გრძნობას, მაგრამ ვერ დავძლიე ...“ – ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ პელოს საქმრო, როგორც თავადიშვილი - ჩოლოყაშვილი - სოფლიდან გააძევა, „თავადიშვილის ცხოვრება სოფელში არ შეიძლებაო“.

პელომ ფილიპე მახარაძეს დახმარება სთხოვა: „თქვენზეა ჩემი ბედიო“.

1930-იანი წლებში დაწერილ ამ წერილს რეზოლუცია არ ახლავს, ამიტომ საარქივო დოკუმენტიდა არ ჩანს, რა რეაგირება მოჰყვა ამ თხოვნას.

როგორც პელო ბერიაშვილის შთამომავლებმა ეროვნულ არქივს მიაწოდეს ინფორმაცია, ეს ისტორია ქორწინებით დამთავრდა და ლევან ჩოლოყაშვილს (წერილში მისი მხოლოდ გვარი იყო მითითებული) შილდაში ცხოვრების უფლება მისცეს.

ასევე გაირკვა, რომ ლევან ჩოლოყაშვილი გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნათესავი იყო. სწორედ ამის გამო 1924 წელს ბოლშევიკებმა ლევანის მამა, პაატა ჩოლოყაშვილი დახვრიტეს.

ჩოლოყაშვილ-ბერიაშვილის შთამომავლებმა ეროვნულ არქივის მათი წინაპრების ფოტოებიც გამოუგზავნეს, რომელიც ამ ინფორმაციას აქვს დართული.

ეროვნული არქივი მადლობას უხდის ჩოლოყაშვილ-ბერიაშვილის შთამომავლებს მოწოდებული ინფორმაციისათვის.