საარქივო ფილმების ფესტივალი ფილმით „მსოფლიო ტაშს უკრავს“ დასრულდა - საქართველოს ეროვნული არქივი

საარქივო ფილმების ფესტივალი ფილმით „მსოფლიო ტაშს უკრავს“ დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 7 ოქტომბერს თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი ქართული დოკუმენტური ფილმით „მსოფლიო ტაშს უკრავს“ დაიხურა.

ფილმი რეჟისორმა გიორგი ასათიანმა 1960 წელს საქართველოს ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ შესახებ გადაიღო. მასში ნაჩვენებია ანსამბლის საკონცერტო გამოსვლები ლონდონში, პარიზში, რომში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოგოტაში, მეხიკოში, ჰავანასა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში. ფილმი ასევე ასახავს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობებს, რომლებსაც ანსამბლის წევრები სტუმრობდნენ.

4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით ქართველმა მაყურებელმა ეროვნული არქივის კინოთეატრში იხილა საქართველოს, ბელგიის, გერმანიის, ბულგარეთის, პერუს, იტალიის, აშშ-ის, ესტონეთის, პორტუგალიის, მალტის, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ჩეხეთის, ხორვატიის, პოლონეთის, კინოარქივებში, კინოთეკებსა და კინომუზეუმებში დაცული 38 საარქივო ფილმი.

ფესტივალის დახურვისას ღონისძიებაში მონაწილე საზღვარგარეთის ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენლებს ქართველმა კოლეგებმა ფესტივალის სპეციალური ჯილდოები და სერტიფიკატები გადაცეს.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნდა. ეროვნული არქივის კინოთეატრი მომდევნო, საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალს 2024 წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.