რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების რესტავრაცია მიმდინარეობს - საქართველოს ეროვნული არქივი

რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების რესტავრაცია მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების რესტავრაცია და კონსერვაცია მიმდინარეობს. საისტორიო არქივში დაცულ, XVII-XVIII საუკუნეების 100-ზე მეტ დოკუმენტს რესტავრატორები წმენდენ, მელანს ამაგრებენ და დაზიანებულ ადგილებს ამუშავებენ.

საბუთებს შორისაა მეფეთა წყალობის სიგელები, ნასყიდობის, გაყრის, უდავობის (პირობის) წიგნები, ბატონიშვილების ხარჯის ნუსხები და სხვა.

საისტორიო არქივის ძველ საბუთთა დედნების კოლექცია ერთ-ერთი უმდიდრესია. მასში დაცულია XI-XIX საუკუნეების 10 940 დოკუმენტი, მათ შორის: მეფეების, დედოფლების, ბატონიშვილების, საერო და სასულიერო მოხელეების მიერ გაცემული წყალობის, შეწირულების, სითარხნის, ნასყიდობის, გაყრის, ფიცის, ბრძანებისა და განაჩენების სიგელები. ასევე, ვალის წიგნები, თამასუქები, ნუსხები, ეპისტოლური ხასიათის მასალა. კატალოგში შესული დოკუმენტების უმრავლესობა დაწერილია ქაღალდზე, ნაწილი კი - ეტრატზე, გრაგნილებისა თუ ცალკეული ფურცლების სახით.

რამდენიმე რესტავრირებული საბუთის ნუსხა:

1. 1712 წ. 9 ივლისი. მამულის წყალობის წიგნი მეფე ბაქარისა ავთანდილ ჯავახიშვილისადმი. დამწერი კარის მდივან-მწიგნობარი დავით თუმანიშვილი. ფ.1448/2325;

2. 1746 წ. 20 იანვარი. გაყრის წიგნი მუშრიბ მანუჩარ ნასყიდაშვილის ოჯახისა. გაინაწილეს სახლები და დედის დაკრძალვისათვის აღებული ვალები. გაყრა დაამტკიცა ქალაქის (თბილისის) მელიქმამასახლისმა აღამ. დამწერი მიქელ დეკანოზიშვილი. ფ.1448/1646 (მუშრიბი -(არაბ.) მწერალი; ზედამხედველი);

3. 1783 წ. 4 აპრილი. ბროწლეთში მდებარე მიწის ნასყიდობის წიგნი დავით მირზაშვილისა ივანე კვიკვინაშვილისადმი. დამწერი იოსებ მაღალაშვილი. ფ.1448/4241;

4. 1790 წ. 28 თებერვალი. ვენახის ნასყიდობის წიგნი ქაიხოსრო ყანჩაველისა იკორთის არქიმანდრიტ გამალიელისადმი. დამწერი ვასილ კობახიძე. ფ.1448/4910;

5. 1788-1790 წწ. გორში აკრეფილი სამეფო გადასახადების ნუსხა. ჩამონათვალშია სურსათი, საკლავი, ქსოვილი და სხვა. ფ.1448/1646;

6. 1800 წ. 1 მარტი. ბარათი ელისაბედისა [მდივან] მირიმანისადმი, მისთვის ბამბის ქსოვილის, ექვსი ადლი ნავთისფერი ლეინისა და ერთი ადლი ცისფერი ლეინის გაგზავნის შესახებ (ადლი - სიგრძის საზომი ერთეული. უდრიდა დაახლოებით 1-016 სმ.; ლეინი - ქსოვილი, შეღებილი ნარმა). ფ.1448/4724;

7. 1820 წ. 3 თებერვალი. მამულისა და ყმის უდავობის წიგნი გოდოგანში მცხოვრები იასე კვიმსძისა ნიკოლოზ ბაკურაძისადმი. ყმა-მამული ეკუთვნოდა კვიმსაძეს, მაგრამ გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთიმემ შესწირა გელათის მონასტერს და, მიუხედავად იასეს მიერ სასამართლოში ჩივილისა, მამული ეკლესიას დარჩა. იასე კვიმსაძემ ოცი მანეთი ვერცხლის ფულის სანაცვლოდ დაწერა უდავობის წიგნი და პირობა დადო, რომ მისი და მისი ოჯახის მხრიდან მამულიც და ყმაც ხელშეუხებელი იქნებოდა. ფ.1448/6798.

ცნობისათვის: ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2015 წელს სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 23 807 ფურცელს, 437 ფოტოს, 14 წიგნს, 126 გაზეთს, 85 ტექნიკურ ნახაზსა და 20 რუკას.