საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2013 წლის ცხრა თვის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 25 000-მდე ფურცელს, 6 ფოტოალბომს, 347 ფოტოპოზიტივს, 657 ტექნიკურ ნახაზს. რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული ხელნაწერი წიგნები - 719 ფურცელი, მათ შორის მე-14 საუკუნის აპოკრიფი - მცნებანი ქრისტესნი, ეტრატი, შესრულებული ნუსხურით; მე-15 საუკუნის სადღესასწაულო, ეტრატი, შესრულებული ნუსხურით. ხელნაწერებს ჩაუტარდა დეზინფექცია, ეტრატები გასწორდა და შეივსო ნაკლული ადგილები. მე-15 საუკუნის დოკუმენტი ჩაისვა ტყავის ყდაში.
მიმდინარე წელს გრძელდება მე-14 საუკუნის ჟამნ-გულანის რესტავრაცია. ხელნაწერი შესრულებულია ეტრატზე, ნუსხურით, საწყისი ასოები ასომთავრულით, ხოლო სათაურები და საყურადღებო ადგილები სინგურით.
ჟამნ-გულანი სხვადასხვა სასულიერო ნაწარმოებების კრებულია და იგი შემდეგი ნაწილებისაგან შედგება: ზეთის კურთხევა (ნაწყვეტი); წესი და განგებულება კანონთა ლოცვისა; დავითნის საგალობელი ფსალმუნები; პარაკლიტონიდან საკითხავები და საგალობლები; ჟამნი შუაღამისანი; ლოცვანი და სხვა.
გარდა რესტავრაციისა, ლაბორატორიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა ძველ საბუთთა განყოფილების 14 500 ფურცელს. ლაბორატორია ჩართულია, აგრეთვე, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტში, რომლის ფარგლებშიც ცხრა თვის განმავლობაში დასასკანერებლად მომზადდა, ხელახლა აიკინძა და ყდაში ჩაისვა 1 450 საქმე.