„ქვრივოხერი“ დედის ჩივილი შვილის წართმევის გამო და ერეკლე II-ის სამართლიანი გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული არქივი

„ქვრივოხერი“ დედის ჩივილი შვილის წართმევის გამო და ერეკლე II-ის სამართლიანი გადაწყვეტილება

მეფე ერეკლე II-ის ოქმი მამუკა გუგულაშვილის ქვრივის არზაზე მუხრანბატონის აზნაურიშვილის მიერ მისი 10 წლის შვილის მსახურად წაყვანის შესახებ ეროვნულმა არქივმა დღეს „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში გამოაქვეყნა.

ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტი ადამიანის უფლებების დაცვას შეეხება და მისი გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს მიეძღვნა.

მეფის გადაწყვეტილებით, აზნაურიშვილს დედისათვის შვილის დაბრუნება დაევალა, სანამ ის 15-16 წლის გახდებოდა.

თავის არზაში ქვრივი ქალი მეფეს მიმართავდა: „ჩემის ქვრივოხრობით ერთი ყმაწვილი გავზარდე. ათის წლისა რომ შეიქნა მუხრანბატონის აზნაურშვილმა მამტაცა და მსახურათ წაიყვანა ... მიშველე რამე, მე უჩემშვილოთ ვერ გავძლებ, თუ არა მეშველა რა, თავს მაინც დავიხრჩობ ...“

ერეკლე მეფის ოქმი ქვრივის წერილზე: “ქ. ბატონო სახლთუხუცესო მუხრანის ბატონო იოვანე! ... რადგან ყმაწვილი ყოფილა, ისევ თავის დედას მისცეს თავისი შვილი იმ შენმა აზნაურშვილმა, გაიზარდოს და იმსახუროს, დააცადოს მანამდისინ თხუთმეტ-თექვსმეტის... მერათ როგორ მართებული იყოს, ისე იმსახუროს”.

დოკუმენტი განთავსდა როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე -http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumentiისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.