ქვემო ქართლის რეგიონის არქივები ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო - საქართველოს ეროვნული არქივი

ქვემო ქართლის რეგიონის არქივები ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან ბოლნისის, რუსთავისა და გარდაბნის ადგილობრივი არქივებიც ჩაერთო. ამ სიახლის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ბოლნისის ადგილობრივ არქივში გამართა. მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვის შემდეგ ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად ემსახურება. სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება ადგილზე ჩაუსვლელად არის შესაძლებელი. ეროვნულ არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. ზემოთჩამოთვლილი რაიონების გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის არქივი, ასევე, სამტრედიის, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლისა, ახმეტის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ვანის ადგილობრივი არქივები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სისტემაში ეროვნული არქივის სხვა ადგილობრივი ოფისების ჩასართავად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.