ქვაშვეთის ტაძრის ახალი არქიტექტურის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა - საქართველოს ეროვნული არქივი

ქვაშვეთის ტაძრის ახალი არქიტექტურის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა

ქვაშვეთის ტაძრის ახალი არქიტექტურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა, რომელიც ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 23 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქვაშვეთის ტაძრის არქივში დაცული ისტორიული მნიშვნელობის საღვთისმსახურო წიგნები, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის, ასევე, ტაძრის წინამძღვრებისა და იქ მოღვაწე სხვა სასულიერო პირების ფოტოები.ექსპოზიციაზე გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები: ქვაშვეთის ეკლესიის სამრევლო უწყისი, სააქტო ჩანაწერების წიგნი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს მიმართვა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსადმი ქვაშვეთის ეკლესიის, როგორც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშის ხელუხლებლად დატოვების თაობაზე, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის, ასევე, ტაძრის სამლოცველო ოთახის პროექტი, ტაძრის ეზოში მდებარე თავად ბარათოვის საფლავზე ასაშენებელი მარმარილოს ეკვდერის (სამლოცველოს) პროექტი.ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფენაზე წარმოადგინა კალისტრატე ცინცაძის არქივში დაცულ ფოტოალბომს „ტფილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია“. ალბომში მოიცავს ტაძრის ინტერიერის, ფასადების, ხატების, ფრესკების, საკულტო და არქიტექტურული დეტალების ფოტოები, რომლებიც გადაღებულია 1904-1910 წლებში.გარდა ამისა, დამთვალიერებელმა იხილა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი სტატიები და სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები ქვაშვეთის ტაძრის შესახებ.ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მუშაობა დაიწყო წიგნზე, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქვაშვეთის ტაძრის თაობაზე სხვადასხვა ორგანიზაციის არქივსაცავში არსებული მასალები.