ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დღეს დასავლეთ საქართველოს რეგიონის ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თეონა იაშვილის ინფორმაციით, ატესტაციაში მონაწილეობდა ადგილობრივი არქივის 27 დირექტორი იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან. ატესტაციის მიზანია ეროვნული არქივის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. ატესტაციის ძირითადი მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე, კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. თანამდებობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადგილობრივი არქივის დირექტორისთვის აუცილებელია: არქივმცოდნეობის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მართვის ძირითადი დებულებების, ცნებებისა და მეთოდიკის ცოდნა. ატესტაცია ტესტირების ფორმით ჩატარდა და მისი მიზანი იყო ატესტაციაში მონაწილე პირის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა. ატესტაციის შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ატესტაცია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის ტერიტორიული ორგანოების დირექტორებისათვის 25 დეკემბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ არქივში ჩატარდება.