საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას. ამჯერად ინფორმაცია იმ უნიკალურ დოკუმენტებს შეეხება, რომლებსაც საისტორიო არქივში დაცული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდი აერთიანებს. ფონდის მასალებიდან ჩანს, რომ საზოგადოების დაარსებამ დიდი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში.ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში დაცულია: საზოგადოების დაარსების, დამფუძნებელთა მიერ პირველი კრების ჩატარების ოქმები; ანგარიშები, მიმოხილვები, ბიბლიოთეკების, სახალხო სკოლების, თეატრების, საქველმოქმედო საზოგადოებების გახსნისა და მათი შემდგომი საქმიანობის ამსახველი მასალები.აქვეა: მოხსენებები, მიმოწერა, ანგარიშები საზოგადოების მიერ გაზეთების, ჟურნალების, წიგნების გამოცემისა და მათი გავრცელების შესახებ; საზოგადოების წევრთა, ქალაქებსა და სოფლებში გახსნილი სკოლებისა და ბიბლიოთეკების სიები; საზოგადოების 25 წლის იუბილეს ჩატარების ამსახველი მასალები.ფონდში ინახება დოკუმენტები: ვასილ აბაშიძის, ვასილ ბარნოვის, ეკატერინე გაბაშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ილია კარგარეთელის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მიერ საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების შესახებ; წერილები, ხელშეკრულებები ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილის პირადი არქივიდან; დავით ჩუბინაშვილის წიგნთსაცავის აღწერილობა; რეცენზიები წიგნებსა და სახელმძღვანელოებზე.საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის როლი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და შემდგომში ამ საზოგადოების ნაყოფიერ მუშაობაში. საზოგადოების პირველი თავმჯდომარის დიმიტრი ყიფიანის შემდეგ, 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ილია საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე იყო. ფონდში ინახება მასალები ილია ჭავჭავაძის ეროვნული ფონდის დაფუძნების, მისი ხელშეწყობით ბანკების დაარსების შესახებ, ასევე, ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე; მიმოწერა იაკობ ნიკოლაძესთან ილიას ძეგლის პროექტისა და დადგმის შესახებ.ფონდში დაცულია ზაქარია ფალიაშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის მოხსენებები ქართული საგალობლების გამოცემის შესახებ; მიმოწერა ინგლისელ მწერალ მარჯორი უორდროპთან ქართული წიგნების მასთან გაგზავნის თაობაზე; დოკუმენტები დიდუბის პანთეონის გახსნის შესახებ; ცნობილი მეცნიერის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ნეშტის ოდესიდან თბილისში გადმოსვენებისა და მისი სახელობის ფონდის დაარსების, ლაიფციგში წიგნის გამოფენის გახსნისა და ამ გამოფენაზე ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.საზოგადოების ფონდში ინახება ცნობილი მოღვაწეების (დავით სარაჯიშვილი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.) ანდერძები, პრემიების მინიჭების, სკოლების შესანახი ხარჯების, ქართულ სიძველეთა შემსწავლელი საზოგადოების შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების ამსახველი დოკუმენტები.ფონდში დაცული მასალებიდან ჩანს, რომ საზოგადოება მატერიალურ დახმარებას უწევდა თავის წევრებსა და საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ხელმოკლე სტუდენტებს.ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში 2500 შესანახი ერთეული ინახება. ფონდის აღწერას ბოლოში ერთვის ბიბლიოგრაფია და საძიებელი, რომელიც ამ ფონდით დაინტერესებულ მკვლევარებს უადვილებს სასურველი მასალის სწრაფად მოძიებას.არქივში დაცული უნიკალური ფონდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.