ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს დაუბრუნდება - საქართველოს ეროვნული არქივი

ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს დაუბრუნდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ მუშაობა დაიწყო ერთობლივ პროექტზე „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980-იანი წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისთვის მათი ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში.

ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე მიმდინარეობს. მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახის აღდგენას ემსახურება.

პროექტის მიზანია ქართული ანიმაციის შემოსანახად მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნა, ხოლო დიდ ეკრანზე ჩვენებით - პოპულარიზაციის გაზრდა.

პროექტის პირველ ეტაპზე სპეციალისტები მუშაობენ შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „თერძი ბესო“, „საზამთრო“ და „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვ.

მულტიპლიკაციური ფილმების პირველი ჩვენება მომდევნო თვეს ეროვნული არქივის კინოთეატრში მოეწყობა.