„ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ მეორე ტომი გამოიცა - საქართველოს ეროვნული არქივი

„ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ მეორე ტომი გამოიცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა „ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ მეორე ტომი გამოსცა. ახალი სტანდარტებით შედგენილი აღწერილობა ეროვნულ არქივში დაცულ ხელნაწერებზე ვრცელ და საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. პროექტზე მუშაობისას არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გამოვლინდა, მათ შორის ხელნაწერების გაფორმების, დამწერებისა თუ გადამწერების შესახებ.

ეროვნული არქივი ინახავს ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთ უმდიდრეს ფონდს, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერია გაერთიანებული. მათი ხელახალი აღწერის პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ხელნაწერების აღწერის ახალი ფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა, რამაც პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, დეტალური ინფორმაცია მაქსიმალურად აესახა ხელნაწერის აღწერაში. აღწერილობის პირველი ტომი გამოიცა 2016 წელს, მეორე კი - 2018 წლის მიწურულს.

აღწერილობის მეორე ტომში შესულია ხელნაწერები, რომელსაც კოლექციაში მინიჭებული აქვს ნომრები 101-დან 200-მდე. მათ შორისაა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში სხვადასხვა დროს შეტანილი: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ანბანდიდი სახარება, ფსალმუნი და ნევმირებული საგალობლები - ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ავტოგრაფული ნუსხები - მეფე ვახტანგ VI-ის მიერ სპარსულიდან ნათარგმნი „თალაი მასალის წიგნი“, ანუ ასტროლოგიური შინაარსის ტექსტი. ორი ხელნაწერიდან ერთი თავიდან ბოლომდე ვახტანგ VI-ის გადაწერილია, მეორე - უცნობი გადამწერის გადანუსხული, თუმცა ვახტანგ მეფისავე ჩასწორებით. ქართველ მეფეს ასტროლოგიური შინაარსის ტექსტი სპარსეთში ყოფნისას - 1714-1715 წლებში - უთარგმნია.

ავტოგრაფულია ასევე ბატონიშვილების - იოანეს, ბაგრატისა და დავითის - გადაწერილი სასულიერო და საერო შინაასის ხელნაწერები.

ხელნაწერთა კოლექციის ეს ნაწილი მოიცავს პოლიტიკური მოღვაწის, მოგზაურისა და პოეტის, გიორგი ავალიშვილის ორ ავტოგრაფულ ნუსხას: „ჴმაჲ ცოდვილისა, იამბიკოდ კატასკევილი“ - სასულიერო შინაარსის იამბიკოებით და იოანე მოწყალის „ცხოვრება“.

ხელნაწერთა აღწერილობის მეორე ტომში შესულია აგრეთვე ათონის მთაზე ქართველთა მრავალსაუკუნოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში (XX საუკუნის პირველ მეოთხედში) გადაწერილი ხელნაწერები. 1902 წელს ათონის მონასტერში იმოგზაურა ცნობილმა მეცნიერმა ალექსანდრე ხახანაშვილმა. მისი თხოვნითა და მითითებით მონასტერში მცხოვრებმა ბერებმა - ალექსი ბაქრაძემ, პიმენ ასათიანმა, ილია ფანცულაიამ და სხვებმა ივირონის მონასტერში დაცული არაერთი ქართული ხელნაწერი გადაწერეს. აღწერილობის მეორე ტომში ათამდე ასეთი ხელნაწერი მოხვდა.

„მისტიკური თეოლოღიის“ აღწერაზე მუშაობისას აღმოჩნდა კათალიკოს ანტონ პირველის მანამდე უცნობი მინიატურა, რომელიც მის სიცოცხლეშივეა შექმნილი. მეფე ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მინიატურები აღმოჩნდა 1808 წელს გადაწერილ „ისტორია გეორგიისა ანუ ყოვლისა საქართუჱლოჲსაში“. ამ სამ მეფეთაგან არც ერთის გამოსახულება მანამდე ხელნაწერებში არ დადასტურებულა.

აღწერილობის მეორე ტომის შემდგენლები არიან: ქეთევან ასათიანი, ლიკა აბრალავა, მანანა ჭუმბურიძე, ვერა შენგელია, თამარ გაბუნია, მაკა კირვალიძე. რედაქტორები: ქეთევან ასათიანი, დალი ჩიტუნაშვილი და მიხეილ ქავთარია.

ეროვნულ არქივში ხელნაწერთა აღწერილობის პროექტი გრძელდება.