საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მასალების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ამჯერად პოლიევკტოს კარბელაშვილის პირადი ფონდის მიმოხილვა ქვეყნდება: ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მღვდელი პოლიევკტოს კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა და, ამასთანავე, მუშაობდა სხვადასხვა სასულიერო დაწესებულებაში.აქტიურ სამსახურებრივ საქმიანობასთან ერთად კარბელაშვილი ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს ისტორიის საკითხებსა და ქართული საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში. იგი ითვლება ქართული გალობის საუკეთესო სპეციალისტად და ამ დარგს არაერთი საინტერესო ნაშრომი თუ საგაზეთო წერილი მიუძღვნა. 1892 - 1920 წლების ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ისტორიული ნარკვევები და წერილები.პოლიევკტოს კარბელაშვილი ცნობილია, როგორც ქართული ,,ქრონიკების”, ,,საამილახვროს საგვარეულოს ისტორიული გუჯრების”; მონოგრაფიების: ,,სვიმონ მეფე”, ,,ალექსანდრე ბატონიშვილი”; მრავალი ნარკვევისა და წერილის ავტორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის, შესწავლის, გავრცელებისა და ძველი ქართული საბუთების, როგორც შეგროვების, ისე გადაწერის საქმეში.კარბელაშვილს გადაწერილი აქვს XI-XVIII საუკუნის 1132 საბუთი, რომელთა უმრავლესობა დღეს შემორჩენილი აღარ არის, ამიტომ მათი მნიშვნელობა დედნის ტოლფასია. ეს დოკუმენტები ფონდში 15 რვეულის სახით ინახება.1898 წელს დაიბეჭდა კარბელაშვილის მიერ შედგენილი ისტორიული მიმოხილვა ,,ქართული საერო და სასულიერო კილოები”. მის პირად არქივში ინახება ნაშრომის როგორც ნაბეჭდი წიგნი, ისე ხელნაწერი (ავტოგრაფი). იგივე ნაშრომი 1914 წელს გამოიცა რუსულ ენაზე. ეს წიგნი თავისი შინაარსით დღესაც აქტუალურია.კარბელაშვილის ოჯახი (ძმები, შვილი) ეწეოდა ქართული საეკლესიო სიმღერების შეგროვებას, აღდგენას, ნოტებზე გადაღებასა და პოპულარიზაციას. გარდა გალობის შეგროვებისა, ისინი შესანიშნავად გალობდნენ. განთქმულია მათ ოჯახში შემონახული ძველი საგალობლები, რომელიც ცნობილია, როგორც „კარბელაანთ კილო“ (ეს საგალობლები გამოიცა 1897 წელს პოლიევკტოსის ძმის ვასილ კარბელაშვილის მიერ).ფონდში ინახება 27 სანოტო რვეული, რომელთა უმრავლესობა ხელნაწერია. გარდა საგალობლებისა ნოტებზე ჩაწერილია ქართული ხალხური სიმღერები.მისი ნარკვევებიდან მნიშვნელოვანია ,,საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა სია 318 – 1821 წლებში”, რომელიც დაიბეჭდა 1892 – 1894 წლებში გაზ. ,,ივერიასა” და ,,მწყემსში”. სიას წინ უძღვის მოკლე წინასიტყვაობა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ.ფონში დაცულია კარბელაშვილის წერილები ქართული ეკლესიისა და სამღვდელოების შესახებ, მის მიერ წარმოთქმული სიტყვები სხვადასხვა პირების დასაფლავებასა (კატო ჩოლოყაშვილის, ია შათირიშვილის, მიხეილ ზაალიშვილის, თავის ძმა გრიგოლის და სხვ.) და ეკლესიებში წირვის შემდეგ.ასევე საინტერესოა მისი პირადი საქმიანი წერილები – ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ალექსიევ-მესხიშვილის, ეპისკოპოს ალექსანდრეს, კალისტრატე ცინცაძის, კორნელი კეკელიძის, მიხეილ თამარაშვილისა და სხვათა წერილები.კარბელაშვილის პირად არქივში ინახება მის მიერ შეგროვებული მრავალფეროვანი მასალა: ლექსები დავით რექტორისა (ავტოგრაფი), მეფეთა ბეჭდებისა და ხელრთვის ნიმუშები, პლატონ იოსელიანის ,,გიორგი მეფის ცხოვრებიდან – 1799 წ”, მღვდელი ქრისტესია ბეჟანიშვილი - ,,აღწერა ბოჭორმოს შენობისა და მდებარეობისა”, მარტყოფის ეკლესიაში დასაფლავებული პირთა სია, გადმოწერილი ეკლესიის სამრეკლოდან და სხვა.კარბელაშვილის მრავალმხრივ მოღვაწეობას ემატება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა. იგი პერიოდულად წერდა და აქვეყნებდა მოთხრობებს, აქვს თარგმანებიც.კარბელაშვილის პირადი ფონდის მცირე ნაწილი არქივში ინახება 1940 წლიდან. 1968 წელს მისი ოჯახიდან შემოვიდა პირადი არქივის დიდი ნაწილი. 1971 წელს მოხდა ამ ორივე ნაწილის დამუშავება. ამჟამად ფონდში დაცულია 355 საქმე, რომელიც მოიცავს 1027 – 1936 წლებს.პოლიევკტოს კარბელაშვილის ფონდის დოკუმენტები, ისევე, როგორც ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული სხვა უნიკალური მასალა, ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.