პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა ოზურგეთის იუსტიციის სახლში - საქართველოს ეროვნული არქივი

პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა ოზურგეთის იუსტიციის სახლში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე გამოფენა დღეს ოზურგეთის იუსტიციის სახლში გაიხსნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული ექსპოზიცია მოიცავს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას.

არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს.; მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. ოზურგეთის იუსტიციის სახლში გამოფენა ორი კვირას გაგრძელდება.